03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ასობით ათასი ლარი სამთავრობო შენობების გარე განათებისთვის - ვინ გაანათებს კანცელარიას და შსს-ს?

მთავრობის კანცელარიის 12-სართულიანი შენობის განათებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ დრომდე არსებული გარე განათება, ნარმანიას უწყების გადაწყვეტილებით, უკვე მოძველებულია და მისი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

გადაუდებელი შესყიდვის წესით, კანცელარიის განათებაზე კომპანიის შერჩევის უფლება მერიას ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე მიეცა. ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან გააფორმეს და სამუშაოების შესრულებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან წინასწარ 331 ათას ლარზე მეტი გადაურიცხეს. კომპანია GL+-ს კანცელარიის შენობის გასანათებლად კონკრეტული ვადაც დაუწესეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ ჯერ ისევ ძველი განათება მუშაობს, საკრებულოს ოპოზიციაში კი გაფორმებული ხელშეკრულების მიღმა კორუფციულ ნიშნებს ხედავენ.

კომპანია GL+-ზე გაკეთებული არჩევანი დღეს თბილისის მერიაში კომპანიის გამოცდილებით ახსნეს, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ ამ კომპანიას გარე განათების სამუშაოები მხოლოდ ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე აქვს შესრულებული. 

კანცელარიის შენობა ერთადერთი არ არის, რომელზეც ახალი განათება უნდა გაკეთდეს. კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე განათებისთვის წლევანდელი წლის ბიუჯეტიდან 340 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

შენობების გარე განათებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ორი სახელმწიფო უწყების გარე განათებას მოხმარდება.

დღის ამბები