შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბათუმში რომან დუმბაძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ 2018 წლის 28 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან დუმბაძე, ველოსიპედით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს, რის შემდეგაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტს შემოვლაზე მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დუმბაძემ წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"რ.დ. დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 126-ე(ძალადობის) მუხლებით. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც მიუთითა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე, ქუჩაში ჩხუბის დროს მიიღო და სამართალდამცველთა მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. სასამართლომ რ.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,"-განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაკავებულის ახლობლის მიერ გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულის მიმართ შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. დაკავებულმა ანალოგიური განცხადებით აჭარის პროკურატურასაც მიმართა.
"პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს. აჭარის პროკურატურაში დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, შსს-ს გენინსპეციის სამსახურებრივი შემოწმების მასალები პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად გაიგზავნება,"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.