03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
გაჰყავთ თუ არა ქვეყნიდან უკანონოდ ჩვილები - რა სქემა მოქმედებს ამისათვის?

წერილი, რომელშიც სუროგატი დედა მთავარ პროკურორს მიმართავს, „რუსთავი 2-ს” ასოციაცია ”მომავლის იმედმა” მიაწოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელს ამ მიმართვის გავრცელებით იმის დამტკიცება სურს, რომ საქართველოდან ჩვილები უკანონო გზით გაჰყავთ. წერილში ანონიმი დედა აღწერს, როგორ გააფორმა ხელშეკრულება ”ნიუ ლაიფ ჯორჯიასთან” სუროგაციის შესახებ. სუროგატი ყვება, რომ კომპანიაში ქმართან განქორწინება და უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინების შესახებ ხელშეკრულების დადება მოსთხოვეს.

ასოციაცია ”მომავლის იმედის” ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც ”ნიუ ლაიფ ჯორჯიას” წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის, აცხადებს, რომ სწორედ ამ გზით გაჰყავთ ჩვილი ბავშვები საქართველოდან უცხოეთში.

ხაჭაპურიძე პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, წერილის ავტორიც და კიდევ რამდენიმე სუროგატი გამოძიებამ უკვე დაკითხა.

მომავლის იმედის ხელმძღვანელობამ საკრებულოსაც მიმართა. თვითმმართველობაში ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ჩვილ ბავშვთა საზღვარზე გადაყვანის საქმეს, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, უწებაში აცხადებენ, რომ კვალი შესაძლოა უცხო ქვეყნებში მართლაც მიდიოდეს, ამიტომ საქმე ბრიტანეთში გადაგზავნეს და უახლოეს მომავალში დოკუმენტებს გერმანულ მხარესაც მიაწვდიან.

”ნიუ ლაიფ ჯორჯიას” ხელმძღვანელი, რომლის კომპანიასაც ხაჭაპურიძე ბავშვებით უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფს. მარიამ კუკუნაშვილი ამბობს, რომ ხაჭაპურიძე, რომელიც თავადაც ამ სფეროში მუშაობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

საქმე სისხლის სამართლის 344-ე მუხლით არის აღძრული, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანას ყალბი საბუთების გამოყენებით გულისხმობს.

დღის ამბები