09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ყირიმში მცხოვრებმა ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს და ეს პატივისცემას იმსახურებს," - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომი არ იქნება. ამაზე რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ "როიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით, ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს უკიდურესი დიპლომატიური ზომების მიღების საჭიროებას და "მინსკი 3-ის" ჩატარების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

„ვფიქრობ, მოვლენები აპოკალიფსური სცენარით არ განვითარდება. ყირიმში მცხოვრებმა ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს და ეს პატივისცემას იმსახურებს. იმედი მაქვს, ასეთივე მიდგომა ექნებათ ჩვენ პარტნიორებსაც, რადგან ამ შემთხვევაში სიმართლის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწორედ ხალხის აზრია. რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, ეს არ არის მხოლოდ ოთხი მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, მას მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზოგადოებამ,” - აღნიშნა პუტინმა.

პარალელურად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს კრიზისის მოგვარების მიზნით კოლექტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

ლავროვის თქმით, გლობალური ლიდერობის მოსაპოვებლად ზოგი იყენებს ისეთ მეთოდს, როგორიცაა სუვერენულ სახელმწიფოზე ზემოქმედება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ თავს მოახვიონ გარკვეული გადაწყვეტილებები და სტანდარტები.

„ამისთვის ისინი იყენებენ რეჟიმის ცვლილების ხერხს და ღიად უჭერენ მხარს არაკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებებს, როგორც ერთი წლის წინ უკრაინაში. საერთაშორისო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს ორმაგი სტანდარტები და უშიშროების საბჭომ უნდა დაიბრუნოს თავისი როლი, როგორც კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ,” - აღნიშნა ლავროვმა. 

დღის ამბები