კანონის უზენაესობა საქართველოში, სასამართლოს დამოუკიდებლობა და დაცული პლურალიზმი - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
მაიკ პომპეომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. უზრუნველყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა“-განაცხადა პომპეომ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა სტაბილურ პარტნიორებს საერთო უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთია ასეთ პარტნიორებს შორის, რომელიც ახდენს ვალდებულებების დემონსტრირებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დასავლური ღირებულებების დაცვაში.
„საქართველოს როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. 32 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ამ ქვეყანაში. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ დანაკარგს და მადლობას ვუხდით საქართველოს ამ, ერთობლივი და მნიშვნელოვანი მისიის მხარდაჭერისთვის.
"2016 და 2017 წლის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
"ვიცით რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან, ანგარიშვალდებულ მთავრობასთან და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსლვისთვის არსებითია.
"საქართველოში დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში, რომ გააძლიეროს ძალაუფლების გადანაწილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში,"-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.