„რაკი ვაიძულეთ რუსეთი, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, ეს იყო მისი მხრიდან ირიბი აღიარება ზუსტად იმის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის საქართველოს სახელმწიფოს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი,“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რუსეთის მიერ შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანია SGS-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვა უნდა გააკონტროლოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მთავარია საქართველოს ხელისუფლებამ სწორად მიაწოდოს ინფორმაცია როგორც მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას რათა მათ ზუსტად იცოდნენ რაზეა ლაპარაკი.
„არასასიამოვნო ფაქტია, რომ ამდენი ხანი გაიწელა ამ ხელშეკრულების ამოქმედება. მაგრამ რაკი მივედით იმ ეტაპზე, რომ ახლა უკვე რუსეთმაც მოაწერა ხელი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს, ხელშეკრულების სულისკვეთებიდან გამომდინარე სწორი განმარტებები რათა არ დაიბნენ არც საქართველოს მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება რაზეა ლაპარაკი. რუსეთი ახლა ცდილობს წარმოადგინოს ისე, თითქოს აქ ლაპარაკია კონტროლზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის კავშირზე. სინამდვილეში მთავარი ამოცანა და მიზანი იყო და რჩება იმ ტვირთის კონტროლირება, რაც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადის რუსეთში,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე კი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამის პირობა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დადო. დეპუტატი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება დოკუმენტის შინაარსს გაასაიდუმლოებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელი მოაწერა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა.
„მთავარი საკითხი აქ არის თუ სად განლაგდება შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმები. იმიტომ, რომ ჩვენ ამ შეთანხმებით გვსურდა მიგვეღწია იმისთვის, რომ შექმნილიყო ეფექტიანი საერთაშორისო მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემავალ ტვირთბრუნვაზე. თუ ეს საბაჟო გამშვები პუნქტები ამის შესაძლებლობას არ შექმნიან, მაშინ ჩვენ ფაქტიურად ვერ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რისთვისაც გაფორმდა ეს ხელშეკრულება. გვინდა შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, მათშორის პრემიერ კვირიკაშვილს, რომ მან აიღო ვალდებულება ამ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის და საბოლოო პირობების გასაჯაროების როდესაც იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში და ველოდებით შესაბამის ინფორმაციას. იმიტომ, რომ თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ვერ მოხდა გვექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რაღაც ისეთ პირობებს, რომელიც არ შედის ამქვეყნის ინტერესებში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.