უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა.
ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ნიკოლოზ გუგეშაშვილია. ორდღიანი ზეიმისთვის ქართველი ჯორჯ კლუნი, როგორც მას კიევში ეძახიან, სამი თვის განმავლობაში ემზადებოდა.
ქართული კულტურის საზღვარგარეთ უფრო დიდი მასშტაბით გატანას და მსგავსი ღონისძიებების უფრო ხშირად მოწყობას ურჩევენ შესაბამის უწყებებს ქართველი შემსრულებლებიც.
ქართული სიმღერისა და ცეკვის გარდა კიევის ცენტრში მისულ ადამიანებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა. საგანგებოდ მოწყობილ ფაცხებთან სტუმრების რიგი იდგა.
ამ დღესასწაულზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გამოჩენილა.
ქართული ზეიმი კიევის ცენტრში ორი დღეს გაგრძელდა. ათასობით უკრაინელისა და უკრაინაში ჩასული ტურისტებისთვის ქართული კულტურა უფრო ახლობელი და ხელშესახები გახდა.