03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა შესაძლოა პროკურატურაში იჩივლონ

თბილისის მერიის და გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო, თუმცა მერიაში დღემდე არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც ერთი თანამშრომელი არ აღუდგენიათ დაკავებულ თანამდებობაზე.

სასამართლო გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ყოფილი თანამშრომლები პროკურატურაში ჩივილს აპირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის” ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.

„დედაქალაქის მერიას არ მოუგია არც ერთი ასეთი საქმე და ვერ დაადასტურა ვერც ერთი ადამიანის გაშვების კანონიერება,” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა.

სამსახურში აღდგენას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის” წევრი გირშელ ბართაიაც. მისი განცხადებით, თბილისის მერი არ ასრულებს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

„ამ ფაქტზე ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ საქმე აღძრას ამ ადამიანის წინააღმდეგ,” - აცხადებს გირშელ ბართაია. მისივე თქმით, დავით ნარმანია უგულებელყოფს სასამართლო განაჩენს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თბილისის მერმაც გააკეთა.

„სასამრთლო გადაწყვეტილება, როცა პირველ ინსტანციაზეა მიღებული, ის საჩივრდება, თუ საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება და აღსასრულებლად სავალდებულო, რა თქმა უნდა, აღსრულებას დაექვემდებარება,” - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები