21 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამ ახალგაზრდა მამაკაცს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი შიმშილობს. მათ პროტესტის ნიშნად პირი აქვთ ამოკერილი.

მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა, რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთ მათგანს - თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგზარდებს თანამშრომლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.

"ჩვენ მოვითხოვთ, ამ ქალაქში იყოს ისეთი გარემო, რომ მოქალაქეს, რომელიც არ არღვევს კანონს, არ დაემუქრონ სიცოცხლის მოსპობით, ქალაქის დატოვებით, არ აიყვანონ, არ ცემონ, ეს ყველაფერი გამოიწვია რაც ამ ქალაქში მოვიდა პოლიციის უფროსად ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური, მას შემდეგ დაიწყო ახალგაზრდებზე დევნა, "-  ამბობს აქციის მონაწილე ბექა ჭუმბურიძე.

აქციის ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისევ უკან დაბრუნდა, მეორეს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და ითხოვენ შეწყდეს ძალადობა პოლიციის მხრიდან, დაკავებულის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და თანამდებობიდან გადადგნენ უფროსი და მოადგილე.

დღის ამბები