19 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ილია მეორის გადაწყვეტილება - სინოდის წევრების კრიტიკის პასუხად პატრიარქმა მოსაყდრეს, ბრილიანტით მოჭედილი ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა

მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი შიო 46 მღვდელმთავრიდან წმინდა სინოდის მეხუთე წევრია, რომელსაც ბრილიანტით მოჭედილი ჯვრის ტარების უფლება მისმა უწმინდესობამ დღეს სინოდის სხდომაზე მიანიჭა. კათოლიკოს პატრიარქმა ამ გადაწყვეტილებით ყველა იმ მღვდელმთავარს უპასუხა, რომელიც ილია მეორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და მეუფის მოსაყდრედ დანიშვნის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულ სხდომამდე სინოდის ნაწილი მწვავე შეკრებას აანონსებდა, დღეს მისი უწმინდესობის ნების წინააღმდეგ 46 ეპისკოპოსიდან ვერავინ წავიდა.

მეუფე შიო უფლებამოსილების შესახებ საჯარო კითხვები სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, ფოთელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა დასვა, თუმცა დღეს მეუფე გრიგოლი კამერების წინ აღარ გამოჩენილა.

წმინდა სინოდის 3 საათიანი სხდომა პირველი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დატოვა. მეუფე პეტრე მღვდელმთავრების ერთობლივ ტრაპეზზე არ დარჩა, რომელიც სინოდის სხდომის შემდეგ საპატრიარქოში. მან სინოდის შემდეგ დახურული სხდომის თემები გაახმოვანა და პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა, ეპისკოპოსი პეტრე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრეა.

„კურიერის“ ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე ციანიდის საკითხზეც ისაუბრეს. სინოდიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ ხელისულება ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მთავრობას შეახსენა, რომ მათ დიდი ბოროტება ჩაიდინეს.

სინოდის სხდომის დაწყებამდე მაღალი სასულიერო პირები აღიარებდნენ, რომ სინოდის ბოლო სხდომიდან 7 თვიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის წინაშე ბევრი მწვავე საკითხი დაგროვდა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება დროზე უნდა მიიღონ.

ახლა ყველა სინოდის საბოლოო განჩინებას ელოდება. საეკლესიო დოკუმენტში ზუსტად უნდა ჩაიწეროს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სინოდის სხდომაზე მიიღეს.

ერთადერთი საკითხი, რომელიც ჯერ ისევ ღიად არის დარჩენილი, უკრაინის ავტოკეფალიის თემაა. საბოლოო სიტყვა ილია მეორემ უნდა თქვას. ახლა მასზეა დამოკიდებული, ვის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილება, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის იმოქმედებს, თუ მხარს დაუჭერს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს.

დღის ამბები