მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ კვირას პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.
თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი ბახტაძე წარადგენს, კომიტეტებში განიხილავენ, 15 ივლისს კი საბოლოო გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.
მთავარი სიახლე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
„ვფიქრობ საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღება, ვიდრე თუ როგორ ჩამოყალიბდება ამა თუ იმ სამინისტროს სათაური,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები სახელმწიფო ხედვას არ უკავშირდება. თინა ბოკუჩავას თქმით, ოპტიმიზაცია დაკავშირებულია პერსონალიებთან.
„მთავარი პერსონალია რა თქმა უნდა არის ივანიშვილი. ასევე კონკრეტული პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რა სახსრები დაიზოგება უშუალოდ ამ წლის ბიუჯეტში ხელისუფლებას არ გააჩნია,“-აცხადებს ბოკუჩავა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძის სტრუქტურული რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც იყო კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ჩატარებული რეორგანიზაცია.