საქართველოში ტყვიით მოწამვლის საფრთხე საკმაოდ მაღალია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საგანგაშო მდგომარეობაზე წერდა.
პოსტით ლორა ტორონტონი საქართველოში მცხოვრებ მის მეგობრებს მოუწოდებს სისხლში ტყვიის შემცველობა შეიმოწმონ, ვინაიდან მან და სხვებმა ანალიზი უკვე ჩაიტარეს და შედეგები საგანგაშო აღმოჩნდა.
ლორა ტრონტონის თქმით, განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი დიპლომატიურ წრეებში ხდება. ერთ-ერთი საელჩოში თანამშრომლებისთვის სისხლის ანალიზების ჩატარება უკვე დაიწყეს და შედეგები აჩვენებს, რომ მათაც ტყვიის დონე მომატებული აქვთ.
საქართველოში ტყვიით დაბინძურების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა გამოკვეთილი სურათი არ არსებობს, ზუსტად რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას.
ეჭვი საწვავზეც არის, იაფფასიან სათამაშოებზეც და შეღებილ სუნელებზეც, ვინაიდან ტყვიას არა თავად სუნელი, არამედ მასში შერეული საღებავი შეიცავს.
ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ივანე მთვრალაშილი ამტკიცებს, საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინი არ შემოდის.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე პროდუქტები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყველაზე მაღალი შემცველობა საქონლის ხორცში იყო, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.