აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საირმეს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ოჯახი სტუმრობს. კურორტის პოპულარობა პოსტ საბჭოთა სივრცეს გასცდა და საირმე სასურველ ლოკაციად ევროპის სხვადასხვა ქვეყნისთვისაც იქცა.
სამკურნალო წყლებით ცნობილი და ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს.
90-იანი წლების სტაგნაციის შემდეგ, კურორტი საირმის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო, 16 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო და შედეგად გაჩნდა კურორტი, რომელიც სამკურნალოდ ჩასულ სტუმრებზე იყო ორიენტირებული. გერმანიიდან მიწვეული სპეციალისტების დახმარებით კურორტი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა.
კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სასტუმრო საირმეც და თერმული სპა ცენტრიც, რომელიც დამსვენებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
მთებით გარშემორტყმულ აუზში თერმული წყალი საირმის მიწიდან ამოდის და წლის ნებისმიერ დროს წყლის ტემპერატურა 32 გრადუსია.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.