საქართველოს ისტორიაში რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა მალე ოფიციალურად ცნობილი გახდება.
თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება და რომელსაც 10 პარტია ხვალ დაასახელებს.
კიდევ ერთი კანდიდატი დანამდვილებით იქნება დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოდან.
ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის ბრძოლის შესახებ განაცხადი გაკეთებული აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც.
ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც იქნება.
კიდევ ერთი ინტრიგა ქართული ოცნების კანდიდატს უკავშირდება.
კურიერის ინფორმაციით, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, არავის დაასახელებს, მაგრამ მხარს დაუჭერს ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
რაც შეეხება არჩევნების თარიღს, კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა დაასახელოს.