„შეიძლება, უბრალოდ რაიმე ინფორმაცია აინტერესებთ, რისი განმარტებაც შეუძლიათ ამ პირებს. ეს სრულიად ბუნებრივია,“ - ამის შესახებ განცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, პროკურატურაში ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის და ყოფილი ვიცე-პრემიერის გამოკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.
რაც შეეხება თავად მას, სეთურიძე ამბობს, რომ მის მიმართ ამ ეტაპზე კითხვები არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაინტერესდება, მზად არის, ამომწურავად უპასუხოს.
„ჩემს მიმართ კითხვები ჯერჯერობით არ დასმულა არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად. თუ კი რაიმე კითხვა იქნება, დიდი სიამოვნებით ამაზე პასუხს გავცემ და პირიქით, მინდა, რომ თუ კი რამე მე შემეხება და ჩემს სტრუქტურას მე პირადად გავცე პასუხი და მე ავხსნა. მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი, კანონმდებლობის დაცვით და ძალიან დიდი დადებითი შედეგები მოუტანა ქვეყანას. ამიტომ ამითი მთელი გუნდი ვამაყობთ,“ - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურამ ზურა ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხა.