ოპოზიცია ქობულეთში გასულ წელს აშენებული 2 სპორტული მოედნის მდგომარეობაზე საუბრობს.
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, გასულ წელს 2 სპორტული მოედანი აშენდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი დაიხარჯა.
სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა, მის მოვლა-პატრონობას არავინ ახორციელებს. ოპოზიცია თავის დროზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებსაც აპროტესტებს.
მათი თქმით, მოედნები მწყობრიდან მალევე გამოვიდა ისე, რომ იქ ერთხელაც არ ჩატარებულა რაიმე სახის სპორტული ღონისძიება. ორივე მოედანზე დაზიანებულია მინდვრის საფარი, დამტვრეულია სკამები.
ოპოზიცია მოითხოვს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღოს და მოახდინოს სტადიონების რეაბილიტაცია.
„არანაირი მოვლა-პატრონობა, საერთოდ პასუხისმგებლობასაც კი არ იღებს ვინმე,“ - ამბობს ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია სპორტული მოედნები მოვლა-პატრონობისთვის ერთ-ერთ სპორტულ სკოლას გადაეცეს, თუმცა, კონკრეტული თარიღი უცნობია.
„რამდენჯერმე რაღაც ვანდალური აქტი მოხდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამიტომ მოქალაქეებსაც მოვუწოდეთ, რომ ეს არის მუნიციპალური ქონება, შესაბამისად, ეს არის ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა ქობულეთის მერის მოადგილემ, სულხან მოწყობილმა.