დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკითხვას ყოფილი თანაგუნდელები "უსიამოვნო ფაქტს" უწოდებენ.
მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, გამორიცხავს, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის დაკითხვა გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორს უკავშირდება.
გია ვოლსკი ამბობს, რომ ყველა მოქალაქე, მათ შორის, ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, შეკითხვებს უპასუხონ.
„ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელია. დიდი სიამოვნება იმაში არ არის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ სწორედ ეს არის ის უწყებები, რომელიც ბიუჯეტის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები, მოქალაქეები, ვინც გინდა, რა საკითხზეც არ უნდა იყოს გამოკითხვა, შეკითხვები არის ლეგიტიმური და უნდა გასცენ სრული პასუხი ერთმაც და მეორემაც. როგორ განვითარდება, ეს არავინ არ იცის,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე მმართველი გუნდის წევრები არ საუბრობენ. ეკა ბესელია ამბობს, რომ მათ საგამოძიებო პროცესთან წვდომა არა აქვთ, შესაბამისად, საქმეს ვერ ჩაუღრმავდება.
„თქვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობის დამტკიცების დროს უსმენდით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირს, ქალბატონ მაიას, რომელმაც კითხვაზე პასუხის დროს თქვა, რომ გარკვეული კითხვები არის კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. დაკითხვა მგონია, რომ არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება რომელიც ინფორმაციის მიღება გადამოწმებას და დასმული კითხვების ირგვლივ პასუხების გაცემას ემსახურება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.