ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორი პირის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.
კურიერს სანდო წყარო ატყობინებს, რომ საუბარია ორი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.
შს სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ტყიბულის პოლიციაში ორი დღეა, დაკითხვების სერია მიმდინარეობს.
გამოძიება უსაფრთხოების ზომების დაუცველობის ვერსიას ამუშავებს და არ არის გამორიცხული, უახლოეს დროში პასუხისგებაში კონკრეტული პირები მისცენ.
არსებობს ვერსია, რომ ქვანახშირის მოპოვების მიზნით, შახტში გეგმიური აფეთქება მოხდა, თუმცა, მიწის ქვეშ მყოფი მუშები არ გააფრთხილეს. მეორე ვერსიის თანახმად კი, ტრაგედია გვირაბში მეთანის აირის დაგროვებამ გამოიწვია.
გუშინ შახტში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.
დაღუპულ 30 წლის ლაშა ფორჩხიძე მინდელის შახტში საბედისწერო ღამის ცვლაში მუშაობდა. ოჯახში მხოლოდ ასაკოვანი ბებია და ბაბუა დარჩა.
კიდევ ერთი დაღუპულის - მიხეილ გამეზარდაშვილის, შვილი მამის მხრიდან შეცდომის დაშვების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. ის დარწმუნებულია, რომ მამა, კიდევ 5 მეშახტესთნ ერთად, უსაფრთხოების ნომრების დარღვევამ იმსხვერპლა. გაგა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ ნახშირის გამოღება მინდელის შახტში სახიფათო წესით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ამ დრომდე მძიმეა ტყიბულში დაშავებული 2 მეშახტის მდგომარეობა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
დილიდან ტყიბულის პოლიციაში საქნახშირის ხელმძღვანელობის დაკითხვები განახლდა და დღის ბოლომდე გაგრძელდა. დაკითხვები ხვალაც განახლდება, მეშახტეების მიერ დაანონსებული აქციის ფონზე. დაკითხვაზე ის მეშახტეებიც დაიბარეს, ვინც შახტში უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდა
ასევე, დილიდან ტყიბულში მეშახტეები შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს. შახტის დახურვის შემთხვევაში კი მთავრობისგან ალტერნატიული დასაქმების გარანტიას ითხოვენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა შახტი ტყიბულში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დალუქულია.