გრიგოლ ვაშაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი უნდა დაუჭიროს.
გაერთიანებულმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მისი მიზანია, ქვეყანა იყოს პროგრესული, შეურყეველი იყოს საქართველოს პროდასავლური კურსი და ქვეყანაში იყოს სამოქალაქო თანასწორობა, რის გარშემოც 10 პარტია გაერთიანდა.
„მე არ მინდა, ჩემი შვილი წავიდეს ემიგრაციაში. მე არ მინდა, რომ 50 ათასი ბავშვი საქართველოში ყოველდღიურად 2 ლარზე ცხოვრობდეს. მე არ მინდა, რომ მარტო დედაქალაქში 40 ათასი ადამიანი 1 ლარზე და 40 თეთრზე იყოს, მე არ მინდა, რომ საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე იყოს. ამისთვის გაერთიანდა ხალხი და ყველამ თავისი იდეოლოგია გადადო გვერდზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მსოფლიოში კატასტროფული გამოწვევებია და ახლა მოქმედი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
გრიგოლ ვაშაძე ახალი კონსტიტუციის იმ ნორმასაც გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტს უფლებებს უზღუდავს.
გაერთიანებულმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ გაერთიანებული სამოქალაქო მოძრაობა კონსტიტუციაში ჩადებულ ყველა ნორმას ნაყოფიერად გამოიყენებს.
„პრეზიდენტს რამე უშლის ხელს, რომ ის იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დამცველი და იმ შვილმკვდარ მშობლებს, რომლებიც ქვეყანაში გვყავს, არ სჭირდებოდეთ საბჭოთა მართლმსაჯულების ჯოჯოხეთურ წრეზე სიარული. ეს ხომ შესაძლებელია?! როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, არ დაინიშნოს კორუმპირებული ან უუნარო თანამდებობის პირი და ამაზე აფრთხილებენ ხელისუფლებას, ხელს უშლის ვინმე პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომ მან მიიღოს ამაში ქმედითი მონაწილეობა და თავისი უმაღლესი საარჩევნო ლეგიტიმაციით მიაღწიოს იმას, რომ საზოგადოების სურვილი აღსრულდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს. მისი თქმით, მართალია, სააკაშვილის და ბენდუქიძის ეკონომიკურმა რეფორმებმა შექმნა მოქალაქე, რომელსაც გაუჩნდა განათლება, კერძო საკუთრება, საკუთარი ქვეყნის სიამაყე და იმის გაგება, რა უფლებები აქვს მას, მაგრამ, მისივე თქმით, ამ მოქალაქემ მოითხოვა სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, მაგრამ მიღწევებით კმაყოფილმა ხელისუფლებამ ეს მომენტი გაუშვა ხელიდან, რაც მისი დამარცხების მიზეზი გახდა.
გრიგოლ ვაშაძე კითხვაზე, აღიქვამენ თუ არა მას ამომრჩეველი ისე, როგორც ენმ-ის წევრს და არა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატს, პასუხობს, რომ ის ამ პარტიის წვერი 2017 წელს გახდა იმიტომ, რომ პარტიამ განიცადა ცვლილებები.
„საქართველოში თუ განადგურდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი2, ყველას დანარჩენს მოახრჩობენ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე. ის, რომ ენმ-მ დაიწყო ღიად ლაპარაკი თავის დაშვებულ შეცდომებზე, ის, რომ ენმ-მ დაიწყო ანალიზი გზაგასაყარზე გადახვევებზე, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, ეს მოქმედებს ჩვენს ამომრჩეველზე და მოქმედებს ორგანიზაციებზე და პარტიებზე, რომელმაც შეწყვიტეს, ენმ-ს უყურონ ისე, როგორც ისინი უყურებდნენ 2017 წლამდე, როდესაც ფაქტობრივად ახალი დამფუძნებელი კრება ჩატარდა,“ - განაცხად გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება ღია მოქალაქეებისთვის.
შესაძლოა თუ არა, გაჩნდეს კითხვები მის რუსეთთან კავშირის შესახებ, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და აგენტი რომ ყოფილიყო, სულ სხვაგვარ ნაბიჯებს გადადგამდა.
"რუსეთის აგენტი რომ ვიყო, მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ, ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ დღემდე აფხაზეთის და ცხინვალის საერთაშორისო სტატუსი კი არა, ამ რეგიონების ხსენება აგეკრძალებოდათ," - განაცხადა ვაშაძემ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად წარადგინა.