20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
პრეზიდენტმა დაიწყო უცნაური თამაში "ოცნებასთან" - არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატის დასახელებაზე

„ნაკლებად ველოდებოდი მარგველაშვილისგან მხარდაჭერას, მაგრამ ვფიქრობდი, რომ პრაგმატულად, იქნებ, ახლა მაინც, მისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, ის გაბედავდა და გამოიყენებდა ამ უნიკალურ შანსს,“ - ეს განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა, გააკეთა.

არმაზ ახვლედიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

„ჩემი ამ ცეცხლში შესვლის ერთადერთი მიზანი, მოტივი, ეს უყოყმანო გადაწყვეტილება განპირობებული იყო მხოლოდ იმით, რომ ამ უკანონობისთვის, თავხედობისთვის დამესვა წერტილი, თუნდაც სიცოცხლის ფასად. მარგველაშვილმა ეს საკმაოდ იცის, მე ის მიცნობს, მაგრამ ვერ გამიგია მისი ეს გაორებული პოზიცია,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ახვლედიანის შეფასებით, „პრეზიდენტმა დაიწყო უცნაური თამაში ოცნებასთან“.

„რიჟვაძის წარმდგენი სულ მალე ინანებს და ბატონ ივანიშვილს და ყველა სხვას მკაცრად მოეთხოვება პასუხი აჭარაში ამ გაუთავებელი დანაშაულებრივი ექსპერიმენტებისთვის, პრეზიდენტი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მართალია, ის მალე ვეღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ამ კონკრეტული სამარცხვინო საქციელისთვის, მე ვფიქრობ, რომ მას ბევრჯერ მოეკითხება პასუხი. ის, რომ რიჟვაძის პოლიტიკა იქნება და არის, ფაქტობრივად, ეს ჩანს იმ გუნდითაც, რომელიც წარადგინა, არის ერთი დიდი ჩავარდნა და ამ წარუმატებელი დანაშაულებრივი ექსპერიმენტების ჯაჭვში განსაკუთრებულად სახიფათო ექსპერიმენტი პრეზიდენტის კისერზეც არის,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, რიჟვაძის კანდიდატურა კალაძისთვის რომაა მისაღები, სწორედ ამის გამოც აქვს კრიტიკული განწყობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიმართ.

„კალაძე ერთ-ერთი მთავარი მაფიოზი პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ვინც დაგვისახელა დღიდან მოსვლისა, ყველამ სათითაოდ და ჯამში ერთად, ასე  თუ ისე, დააქცია ეს ქვეყანა ან მისი რომელიმე რეგიონი,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა არ წარდგინა, ის აჭარაში ბრძოლას მაინც გააგრძელებს თანამოაზრეებთან ერთად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოპოზიციურმა პარტიებმა არმაზ ახვლედიანი დაასახელეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. კანდიდატურის დასახელებამდე გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა.

დღის ამბები