ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის დასახელებას არჩევანის ეთერში ეხმაურება.
მისი თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის დღეს მოქმედ მოდელში იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ის სამი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.
„ქართულმა ოცნებამ მოახერხა ერთი უცნაური რამ, წარმოიდგინეთ, რომ ამხელა საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ფინალში აღმოჩნდა ორი კანდიდატი, ერთმა მიიღო 12 ხმა, მეორემ მიიღო ნული შეფასება საპროკურორო საბჭოზე. ამას ნამდვილად მოხერხება უნდა, ასეთი რამ რომ გააკეთო ხელისუფლებამ. მეორე, ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის, როდესაც, მაგალითად, ბატონი ნადარეიშვილი არ დაასახელა კანდიდატად იუსტიციის მინისტრმა და დაასახელა ბატონი შავგულიძე. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი შანსი იყო, რომ თადუმაძეს და ნადარეიშვილს შორის გაყოფილიყო ხმები, პროკურორების ხმებს ვგულისხმობ მე, თეორიულად თუ გავყვებით იმიტომ, რომ ბუნებრივია, იმ კანდიდატს, რომელიც პროკურატურის სისტემიდან მოდიოდა, მას შეიძლება, ჰქონოდა მხარდაჭერა და იქ 2/3-ზე იყო საუბარი საპროკურორო საბჭოს ხმებისა, რომ მიეღო კანდიდატს და ყოფილიყო გამარჯვებული და თავიდანვე აიცილეს. უკვე აქ ნათელი იყო, რომ ბატონი თადუმაძის შანსი იყო ძალიან მაღალი,“ - განაცხადა სალაძემ.
სულხან სალაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა, მთავარი პროკურორი იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, თეა წულუკიანთან გაცილებით მეტი კონტაქტი ჰქონდა.
მისი თქმით, მათ მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი ორი მიზეზის გამო თქვეს. სალაძის თქმით, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობის დროს მრავალი დარღვევა დაფიქსირდა და ასევე, მთავარი პროკურორის შერჩევის სისტემა არ არის გამართული, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მიიღოს საკმარისი ხმა კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად.