მესამე სექტორი იმ პროცესზე საუბრობს, რომელიც მთავარი პროკურორის დამტკიცებას უძღოდა წინ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მიზეზი, რომლის გამოც, მოქმედი მთავარი პროკურორი გადადგა, უკავშირდებოდა ძალიან გახმაურებულ საქმეებს და გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუმცა, საბოლოოდ საზოგადოებამ მიიღო ახალი მთავარი პროკურორი, რომლის მიმართ არ არსებობს ნდობა.
„დაინიშნა ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ბატონ ივანიშვილთან და გარდა ამისა, იგი წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტში მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნოს პროკურატურა და იყოს დამოუკიდებელი. ამას ემატება ისიც, რომ იგი ფაქტიურად ძალიან დაახლოებული პირი არის თეა წულუკიანთან იმის გამო, რომ მისი ბავშვი ნათლია. როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს დღეს თადუმაძე, მას ძალიან გაუჭირდება ნდობის მოპოვება იმიტომ, რომ საწყისი პოზიციები აქვს სუსტი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის თქმით, მას ჰქონდა კონკრეტული კითხვები შალვა თადუმაძის მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გაუგზავნის კითხვას პროკურატურას და მოითხოვს პასუხს ამჯერად უკვე შალვა თადუმაძისგან.