საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რუსული ოკუპაცია და ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო.
ბრიუსელში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც პუტინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.
პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში ჩართვას როცა ცდილობენ სიფრთხილე გამოიჩინონ და შედეგებზე იფიქრონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მხარს უჭერს, როგორც ნატო ასევე ევროპული სტრუქტურები. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა კიდეც ნატოს ბრიუსელის სამიტზე.
გუშინაც გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, ჩვენი ევროატლანტიკური კურსი არის გამყარებული იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში
იმ ნაბიჯებით, რომელიც ჩვენ ვდგამთ ასევე ორმხრივ ფორმატებში ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იქითკენ, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგანაც ძლიერი საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული კრუსის გამტარებელი ქვეყანა არის რეგიონში სტაბილურობის გარანტი“- განაცხადა ზალკალიანმა.