17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე, მუსლიმი თემის უფლებები და აბორტი, როგორც მკვლელობა - ომბუდსმენს პასუხის გაცემა კრიტიკულ კითხვებზე მოუწია 

ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

ანგარიშში ბოლო დროის გახმაურებული საქმეები მოხვდა, მათ შორის თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე. 

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომები ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე და სახალხო დამცველიც ამავე თემაზე აკეთებს კომენტარებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ომბუდსმენს კომისიისთვის მუშაობის დასრულების შესაძლებლობა მიეცა.

კითხვაზე ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს დამოუკიდებლად და უმჯობესი იქნება თუ ომბუდსმენის შეფასებები არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

„ჩვენ კვლავ  გავაგრძელებთ დამოუკიდებლად მუშაობს. შესაძლებელია ამ ეტაპზე ჩვენი ხედვები ემთხვევა თუმცა რაღაცა ეტაპზე დადგეს  საკითხი, რომ თქვენ განსხვავებული პოზიციები გაქვთ, ამიტომ  მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კომისიის ლოდინის რეჟიმში უნდა იყოს სახალხო დამცველი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას მიმართ შენიშვნები ჰქონდა "ქართული ოცნების" დეპუტატ ენძელა მაჭავარიანსაც. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ომბუდსმენის მიერ გაჟღერებული პრობლემები უფრო ხელოვნური ხასიათის არის და ისეთი მნიშვნელოვან  თემები როგორიც არის მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვების ტოლერანტული თანაცხოვრება დოკუმენტში არ ხვდება.

„მაქვს ჩემი პატივისცემა, მოწიწება და სიყვარული და შიში იმ უფლისადმი , რომლის რწმენაც მე მამოძრავებს და  აზრს აძლევს ჩემს ცხოვრებას, ჩემს მოსვლას ამ დედამიწაზე. მე ინდა გითხრათ, რომ თქვენ  ხაზი გაუსვით მუსლიმი თემის მდგომარეობას. თქვენ გაქვთ თუ არა შესწავლილი, როდესაც მართლმადიდებელი და მუსლიმი ბავშვები ერთი და იგივე შენობაში სწავლობენ და სრულიად ტოლერანტულად, სრულიად მეგობრულად სხვადასხვა გზით თავის ღმერთს ადიდებენ. აი რატომ არ განაზოგადებთ ასეთ  შემთხვევებს და ხელოვნური მგონია ის პრობლემები, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ,“-განაცხად ენძელა მაჭავარიანთან.

ენძელა მაჭავარიანის შენიშვნა, ომბუდსმენისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მან დეპუტატს სთხოვა კითხვა დაეკონკრეტებინა.

„მუსლიმ თემთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ არ მეთანხმებით თუმცა იქნებ დამიკონკრეტოთ რა ნაწილში არ მეთანხმებით იმიტომ , რომ მე განსაკუთრებული შენიშვნა ამ მიმართულებით არ მქონია,“-განაცხადა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარიას აბორტთან დაკავშირებითაც მოუწია დეპუტატებისთვის პასუხის გაცემა. „ქართული ოცნების“ წევრი  ალექსანდრე ერქვანია დაინტერესდა თვლის თუ არა სახალხო დამცველი, რომ აბორტი არის მკვლელობა.

„თვლით თუ არა, რომ აბორტი არის მკვლელობა და თქვენ როგორც სახალხო დამცველი  ვალდებული ხართ თუ არა დაიცვათ ჩანასახის სიცოცხლის უფლება?“-განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ, რაზეც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესაძლოა, რომ მასთან სხვა სივრცეში განიხილოს.

„ჩვენ შეგვიძლია სხვა სივრცეში ვისაუბროთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. იმ შემთხვევაში თუ კი სახალხო დამცველი ჩათვლიდა, რომ დღეს არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა ამაზე ისაუბრებდა“-განაცხადა ომბუდსმენმა. 

დღის ამბები