„თუკი აგვისტოს ომის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსკოვს რეალურად სურს, დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.
ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება უნდა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი დაანახებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას.
ზურაბ აბაშიძე მარია ზახაროვას მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია/ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რის შესაძლებლობაც მას ჰქონდა, და დამნაშავეების მაგივრად, ფაქტობრივად, ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში. რუსეთი ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობაც,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მარია ზახაროვამ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისს სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს და პროვოკაციული შინაარსის მიუხედავად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ამ ურთიერთობის აღდგენაზე გავლენას არ მოახდენს.