17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
„ქურდული სამყაროს“ წევრობა - ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. ადვოკატები დაკავებულების გასათავისუფლებლად გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ადვოკატი თენგიზ კახიძე მისი დავის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ერთი დაზარალებული პირი არ არსებობს.

„არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები, ნამდვილად არის თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ხმა, საერთოდ დადგენილი არ არის. არც დაზარალებულია ვინმე, ერთი პიროვნებაც კი არ არის, რომელიც  იტყოდა სავარაუდოდ, რომ მისგან რაიმე სახის ზიანი მიიღო,“ - განაცხადა თენგიზ კახიძემ.

კიდევ ერთი უფლებადამცველი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ქურდულ გარჩევებში, გამოძიების მტკიცებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მონაწილეობდნენ "ლავასოღლის" გარემოცვის სხვა წევრებიც. მათ შორის, "ლავასოღლის" მარჯვენა ხელი აჭარაში - იმედა აბაშიძე, იგივე "კოტო”.  იმედა აბაშიძის მეუღლემ ნინო აბაშიძემ ამ ინფორმაციას უარყოფს. 

"კატეგორიულად უარს ვაცხადებ ამ ბრალდებაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე მაინტერესებს სხვა რამე. ჩემი მეუღლე არის მძიმე ავადმყოფი, ცალი ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს. ამჟამად იმყოფება ე.წ. კაპეზეში და შემატანინეს სუდნო და გამოჭრილი სკამი. ასეთი პატიმარი უნდა წაიყვანონ ციხეში. მე არ მაინტერესებს არანაირი სამართლებრივი, დანაშაულები და ტელეფონები,“ - განაცხადა იმედა აბაშიძის მეუღლემ ნინო აბაშიძემ.

თავად მინდია გორაძეს, იგივე "ლავასოღლის" სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას მის გარეშე შეუფარდებს.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

დღის ამბები