17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
3 მილიონ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა” - ავტომობილების სანაცვლოდ, მოსკოვმა თბილისისგან მილიონობით ლარი მიიღო

საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტ რუსული წარმოების ნივას ყიდულობს. ბოლო წლების განმავლობაში, ავტომობილების სანაცვლოდ მოსკოვმა თბილისისგან მილიონობით ლარი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რუსული წარმოების პროდუქციის შესყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. კვლევიდან, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ირკვევა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა გაზარდეს ოკუპანტის ქვეყნაში წარმოებული პროდუქციის შეძენა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 3 მილიონ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა” შეისყიდეს. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ TI-იმ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები სატენდერო პირობებს „ნივას“ არგებდნენ, რაც შესაძლო კორუფციული გარიგების ეჭვს აჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას „ქართული ოცნება“ უარით პასუხობს. მმართველ გუნდში თანხმდებიან, რომ ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა დღეს მმართველმა პარტიამ პირდაპირ თქვა, რომ რუსული პროდუქციის შესაზღუდად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მათ ინტერესებში არ შედის.

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორს ეთანხმება და თანახმაა, სამოქალაქო სექტორის პოზიცია კანონის გამკაცრების შესახებ, პარლამენტში მათ წარადგინონ.

სამოქალაქო სექტორი აუდიტის სამსახურს სთხოვს, დაინტერესდეს „ნივასთან“ დაკავშირებულ შესყიდვებით. კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია“ რომელსაც საქართველოში ნივა შემოჰყავს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ახლო ნათესავს ეკუთვნის.

დღის ამბები