დავით ჭიჭინაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიუღებელი კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს, აანონსებს, რომ მალე მის გვერდით სხვა დეპუტატებიც აღმოჩნდებიან და ახალ ფრაქციას, პირობითად, "ქართული ოცნება 2012"-ს შექმნიან.
მმართველ გუნდში ყველაზე ხმაურიანი დეპუტატი სამდივნომ პარტიიდან გარიცხა. მმართველი პარტიის უკვე ყოფილ წევრს, თანაგუნდელების მოქმედებები ბოლო დროს კომკავშირს ხშირად ახსენებდა.
პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს უმრავლესობის იმ წევრებმა მოუწონეს, ვისაც ჭიჭინაძისგან პირადი წყენა ისევ ახსოვთ. ყოფილი თანაგუნდელების ნაწილმა მას ეთიკა და გამოხატვის ფორმები დაუწუნა, ნაწილმა კი ღიად თქვა, რომ პარტიის სამდივნომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და გუნდთან შეუთანხმებლად მიიღო.
დავით ჭიჭინაძე პირველი იყო, ვინც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა. იმ პერიოდში მმართველი გუნდის დატოვებას გედევან ფოფხაძე აპირებდა. დავით ჭიჭინაძე მის დასაცავად პარლამენტის თავმჯდომარეს და მის გუნდს ღიად დაუპირისპირდა.
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გაგდების შემდეგ ყველაზე მწვავე განცხადების ავტორიც გედევან ფოფხაძე იყო, როცა მან თანაპარტიელები კომუნისტებს და კომკავშირელებს შეადარა, თუმცა მოგვიანებით რიტორიკა შეცვალა და გუნდს ბოდიში მოუხადა;
"ქართულ ოცნებაში" ხმამაღალი და ხმაურიანი განცხადებების სხვა ავტორები დღეს კამერებთან არ გამოჩენილან.
„კურიერის“ ინფორმაციით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. „რუსთავი 2-ის“ ცნობთ, პრემიერმინისტრის შეცვლის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარტიის ლიდერებთან არ კონტაქტობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით კი, პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.