20 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
„ცრუ ჩვენებებზე ადრეც შეიძლებოდა რომ ყოფილიყვნენ დაკავებულები" - საგამოძიებო კომისია მოზარდის დაკავებას ეხმაურება

51-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე დააკავეს, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოზარდმა კომისიას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მის შინაარსზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„ცრუ ჩვენებებზე ადრეც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო საქმე აღძრული და ადრეც ყოფილიყვნენ დაკავებულები, როგორც არასრულწლოვნები, ისე სრულწლოვნები, ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე მოიყვანა ეს ამბავი შსს-მ და ადრე არ გადადგა ეს სამართლებრივი ნაბიჯები, იმიტომ, რომ მაშინ სულ სხვანაირად შეიძლებოდა წასულიყო საქმე, როგორც ჩანს, მაშინ ინტერესი არ იყო, რომ ამ მიმართულებით ყოფილიყო,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით იმუშავებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბევრი დეტალი გაირკვევა.  

„მთელი საზოგადოება ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც დებს შსს, კიდევ ერთი სავარაუდოდ დამნაშავე არის დაკავებული სარალიძის გახმაურებულ საქმესთან მიმართებაში. ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველის შეფასებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიება ცდილობს, რომ ხარვეზები გამოსწორდეს.

„დღეს მიმდინარე გამოძიება ცდილობს, ჩემი აზრით, იმ დაკვირვებით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ის ხარვეზები, რაც შეიძლება გამოსწორდეს, გამოსწორდეს. რამდენად იქნება საბოლოოდ შესაძლებელი, ჩვენ მკვლელების ვინაობა დავადგინოთ, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ალბათ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება, ან უფრო მეტი სიცხადის შემოტანა, ალბათ, შესაძლებელი იქნება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეა დაკავებული. მოზარდი სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინებით აიყვანეს. არასრულწლოვანს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. 

დღის ამბები