გლდანში მდებარე "ბეკოს" მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს. წაღებულია დაახლოებით, 13 ათასი ლარის ტექნიკა, ძირითადად, მობილური ტელეფონები.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ვიდეო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ ქურდობა ორმა პირმა ჩაიდინა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ბოლო პერიოდში მათ მაღაზიაზე თავდასხმის უკვე მესამე შემთხვევაა.
უახლოეს მომავალში ბეკო სხვა კომპანიებთან ერთად აპირებს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე წერილი შეიტანოს. საქართველოში არსებული ტექნიკის მაღაზიები ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
„ეს არის ამ მაღაზიაში, კონკრეტულად, გლდანის ფილიალში მესამე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს წერილი გამზადებული ყველა დანარჩენი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფირმებთან ერთად, პრემიერი მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე. იმედია შესაბამისად რეაგირებას მოახდენენ,“ - განაცხადა მაღაზიათა ქსელ "ბეკოს" დირექტორმა მეჰმეთ მელექიმ.