17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
დატბორილი სახლები, ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი - სტიქია კახეთში 

დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი - კახეთში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალთან გამკლავებას ცდილობენ.

ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებზე წყალი შევარდა. დაიტბორა ადგილობრივების სარდაფები და ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

მძიმე მდგომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგილობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე არხები, რის გამოც წყლის გატარება ვერ მოხერხდა.

ლაგოდეხის რაიონში, რამდენიმე საათია, მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაიტბორა ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები. 

სტიქიის შედეგად სიღნაღში ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა რის გამოც ასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში მუშაობს მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები