კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც შიმშილისათვის გაწირეს, კვირიკაშვილების ოჯახია ხარაგაულიდან. ამირან კვირიკაშვილი ნოემბერში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი სიკვდილის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახი ერთი პირით შემცირდა, ისინი გაჭირვებულების რიცხვს აღარ მიეკუთვნებიან და სოციალური დახმარება მოუხსნა. 29 წლის ახალგაზრდა გასული წლის 4 ნოემბერს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
კვირიკაშვილების ოჯახში ახლა 5 წევრია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთიც ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი. მოხუცისა და მცირეწლოვანისთვის უფასო სასადილო ნელი კვირიკაშვილს ორ ულუფა სადილს ატანს, რომელსაც შემდეგ 5 ადამიანი ინაწილებს.
კვირიკაშვილების ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC იცავს.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კვირიკაშვილების ოჯახს საკმარისად ეხმარებიან, როცა ორი ადამიანის ულუფა სადილს აძლევენ.
სოციალური დახმარების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ კვირიკაშვილებს მაღალი ქულა ოჯახის წევრების შემცირებასთან ერთად, ერთი შვილის მიერ გასულ წელს აღებული ხელფასის გამო მიანიჭეს. გარდაცვლილის ძმა ახლა უმუშევარია, თუმცა სახელმწიფო უწყებისთვის ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.