მეშახტეები დიდი აქციებისთვის ემზადებიან - ხვალიდან ტყიბულში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები უნდა დაიწყოს. ამ დრომდე მეშახტეები, მინდელის შახტში დაღუპული კოლეგების დაკრძალვას ელოდებოდნენ. მათგან ბოლო დღეს დაკრძალეს.
მეშახტეები ამბობენ, რომ მსგავსი არაერთი შემთხვევის მიუხედავად არავინ დასჯილა. მათ შორის არის 2017 წლის 9 მაისს მომხდარი ტრაგედია.
4 მეშახტე ლიფტის, ე.წ. ბადიის მთავარი ბაგირის შეცვლას აპირებდა. ამისთვის მათი დაზღვევა უნდა ყოფილიყო ორის სათადარიგო ბაგირი ლიფტის თავზე და ორი რკინის ძელი სატვირთოს ქვეშ. მუშებმა არ ჩააბეს სათადარიგო ბაგირები და ორის ნაცვლად ერთი რკინის ძელი გამოიყენეს. ძირითადი ბაგირი გადაჭრეს. საყრდენმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ლიფტი მოწყდა
პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა იმ დროისთვის მთავარი მექანიკოსი ზურაბ სამაკაშვილი. თუმცა მას ციხეში ერთი დღეს არ გაუტარებია, არც შინაპატიმრობაში ყოფილა, არც ჯარიმა დაკისრებია. გაირკვა, რომ კაცი, რომელსაც გამოძიებამ კაცის სიკვდილში დასდო ბრალი, დღეს იმავე დაწესებულებაში მუშაობს.
დაუსჯელობის სინდრომზე სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველწლიურად იწერება. ომბუდსმენის ინფორმაციით 2017 წელს 128 ასეთი შემთხვევა მოხდა. სასამართლომდე მხოლოდ 11-მა მიაღწია. თავისუფლების აღკვეთით კი მხოლოდ 3 დასრულდა. ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ბრალდებულებს დაეკისრათ 5 000 ლარია.