27 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი მის დაკავებაში ყოფილი მთავრობის პირველ პირებს ადანაშაულებს

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამოძიებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. თემურ აბაზოვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აბაზოვი აცხადებს, რომ სამართალდამცავები დროს შეგნებულად აჭიანურებენ, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ. მარნეულის ყოფილი მერის თქმით, მისი ხმის ნიმუში გამომძიებლებმა, მხოლოდ და მხოლოდ, 10 დღის წინ აიღეს.

მარნეულის ყოფილი მერი აცხადებს, რომ პროკურატურამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

თემურ აბაზოვი მის დაკავებაში ყოფილი მთავრობის პირველ პირებს ადანაშაულებს.

„ეს არის სპეციალურად გაწელილი, რომ დროში მოეგოთ, იმიტომ, რომ ამ ორ თვეში იგივე მესმის, რაც იყო ორი თვის წინ. გაიგეს ტელევიზიით, უცებ, აიტაცა ეს ყველაფერი ტელევიზიამ და, რაღა თქმა უნდა, ოპოზიციას აინტერესებდა მსგავსი რაღაც, მელია იქიდან, სააკაშვილი და ა.შ. ყველა ჩაერთო. რაღა თქმა უნდა, დარეკილი ან შეხვედრა იყო ქვეყნის მაშინდელ პირველ პირთან, რა თქმა უნდა, რაკი მე მქონდა ნაცნობობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბოლომდე უთხრეს მიაწექი, არ გაუშვათ გარეთ,“ - განაცხადა თემურ აბაზოვთან.

აბაზოვი ოპოზიციასაც აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველამ იცოდა, როგორ პატივს სცემდა ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და სწორედ ეს გამოიყენეს მის წინააღმდეგ.

რუსთავის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები თემურ აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც დაზარალებული ელჩინ ალახვერდოვი საკუთარ შარდს სვამს.

აღნიშნულ ვიდეოს წინ უძღოდა ალახვერდოვის სიტყვით გამოსვლა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი და მარნეულის მერი თემურ აბაზოვი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

გამოძიების ინფორმაციით, აბაზოვმა ელჩინ ალახვერდოვი „დასაჯა“, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში განთავსდა.

გამოძიება მარნეულის ყოფილ მერს, მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. 

დღის ამბები