17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ ქვებით და ხელჯოხებით საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლეს - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივლისში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი - ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სვანეთში მუშაობას ვერ ახორციელებენ, რადგან ამის საშუალებას მათ მოსახლეობა არ აძლევთ.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში. დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 20 ხის საამქრო, ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრის ხის მასალა.

ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. 

„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა.

"ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელი ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,"- განაცხადა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი ელგანდაშვილმა. 

დღის ამბები