20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა 

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარე 40 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვდა.

მარნეული ყოფილ მერს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, აბაზოვი პატიმრობაში უნდა დარჩეს.

პროკურორის განცხადებით, სასამართლომ მათი არგუმენტები სრულად გაითვალისწინა, რადგან ახლაც არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რუსთავის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები თემურ აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც დაზარალებული ელჩინ ალახვერდოვი საკუთარ შარდს სვამს.

აღნიშნულ ვიდეოს წინ უძღოდა ალახვერდოვის სიტყვით გამოსვლა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი და მარნეულის მერი თემურ აბაზოვი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

გამოძიების ინფორმაციით, აბაზოვმა ელჩინ ალახვერდოვი „დასაჯა“, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში განთავსდა.

დღის ამბები