საქართველოს სახალხო დამცველი ზემო სვანეთში მიმდინარე აქციებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებს ადგილზე აკვირდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის წარმომადგენლები. ისინი მონიტორინგს უწევენ აქციის მსვლელობას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, ომბუდსმენი მოუწოდებს შეკრებილებს, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ.
"გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, მოვუწოდებთ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე, ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს და მონიტორინგს გაუწევს საპროტესტო აქციას მის დასრულებამდე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთათვის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 598 08 30 06,"-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.