„ქართული ოცნების“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის საჯარო დავალების შესრულება, ოპოზიციის კრიტიკასთან დაკავშირებით, უკვე დაიწყეს. მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის ლიდერებს ხელმოცარული პოლიტიკოსები უწოდა.
პრემიერის ამ განცხადების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ტრიბუნასთან, ოპოზიციის კრიტიკოსი მინისტრების ჯერი დადგა. დღეს ყველაზე მწვავე განცხადებები თეა წულუკიანმა და ლევან იზორიამ გააკეთეს. მათ პრემიერის ტერმინი „ხელმოცარული ოპოზიცია“ არასაკმარისად მიიჩნიეს და თქვეს, რომ ოპონენტები უფრო მწვავე შეფასებებს იმსახურებენ.
ყოფილმა პრემიერმა ტელეინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ღიად უსაყვედურა იმის გამო, რომ მას არ იცავენ და ოპოზიციას სათანადოდ არ აკრიტიკებენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, ივანიშვილის დაცვისა და ოპონენტებზე თავდასხმის დავალება „ქართულმა ოცნების“ წევრებმა გუშინ SMS-ით, შიდა მიმოწერის სისტემაში მიიღეს. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პარტიულ დავალებას უმრავლესობის წევრები სამარცხვინოდ ასრულებენ.
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ კვირიკაშვილზე პოლიტიკური შტურმი დღეს ყველა იმ მინისტრმა მიიტანა, ვინც 2 წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტში სწორედ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა.
მინისტრები აცხადებენ, რომ თუ გამოძიების მხრიდან კითხვები არსებობს, არავის არ აქვს პრივილეგია ის უპასუხოდ დატოვოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამალულ კვლევაზე განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ვანო მაჭავარიანის თქმით, დოკუმენტი იმიტომ არ გამოქვეყნდა, რომ მთავრობა და სავალუტო ფონდი მაშინ ერთმანეთთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან კვლევაში მოყვანილი მთელი რიგი საკითხების მაშინდელი მთავრობისთვის მიუღებელი იყო.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პრემიერსა და ყოფილ პირველ ვიცე-პრემიერზე გაბრაზების ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაა. პარტიის თავმჯდომარემ სატელევიზიო ინტერვიუში, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის კვლევის დამალვაში დაადანაშაულა.