სვანეთში, სადაც მოსახლეობა ხელკეტებით სამართალდამცველებს დაუპირისპირდა, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფება. ამ წუთებში ხაიშში მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ადგილობრივები ხელისუფლებას ხეების ჭრის ნაცვლად, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებას სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება.
„ჩვენ არ ჩამოვსულვართ აქ რეცეპტებით, ჩვენ ჩამოვედით სალაპარაკოდ, როცა ლაპარაკს იწყებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ყველაზე მიუღებლის განხილვისთვისაც კი, რომ მერე სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა მოვნახოთ. ხალხი არ დაზარალდეს და კანონიც კანონობდეს. ვერ იქნება განსხვავებული კანონი, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი ადამიანი მუშაობს ამ თემაზე, მათი შემოსავალია ხე-ტყე, ვეცდებით, რომ ან ალტერნატიული დასაქმება გამოინახოს, ან კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის, რა ნაწილიც უკანონო იყო,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სვანეთში სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.