17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა სპეცრაზმის პირისპირ - ხმაურიანი დაპირისპირება სვანეთში

ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა სპეცდანიშნულების რაზმის პირისპირ - ხაიშში ქალები და ბავშვები სამართალდამცველებს სოფლიდან გასვლას სთხოვდნენ, მამაკაცებმა კი გზა გადაკეტეს და საგამოძიებო სამსახურს მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

„კურიერმა“ ის ტერიტორია გადაიღო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმები ამ წუთებში არიან მობილიზებულები. სამართალდამცველები სოფელ ხაიშიდან, დაახლოებით, რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით არიან განლაგებულები. სპეცრაზმი ხაიშიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მათ გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი მას შემდეგ შეიყვანეს, რაც საგამოძიებო მოქმედებებისთვის მისული გამომძიებლები ადგილობრივების ნაწილმა სცემა და მანქანა დაუზიანა. გამოძიება ხაიშსა და ჭუბერში უკანონო ხე-ტყის ჭრისა და საამქროების საქმეს იძიებს.

ხეობაში სპეცრაზმის გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა. ხატზე დაფიცული სვანები ამბობდნენ, რომ რობოკოპები თუ ხეობიდან არ გავიდოდნენ, გზას არ გახსნიდნენ. ადგილობრივებმა გზა მხოლოდ მათ დაუთმეს, ვისაც ზემო სვანეთში მიცვალებული ჰყავდათ დასაკრძალი. 

მოსახლეობის ინფორმაციით, სიტუაცია სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სვანეთში შესულმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ადგილობრივს შუბლზე იარაღი მიადეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზარალებულ რეგიონში სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება შეცდომა იყო. მოსახლეობა ხელისუფლებას ხეების ჭრის ნაცვლად, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებას სთხოვს.

პრემიერ-მინისტრის დავალების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის გადამამუშავებელი ყველა უკანონო საქმიანობა უნდა გამოვლინდეს.

 

ავტორი: ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები