17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
„აუტორედო“ "ტოიოტა თბილისის" წინააღმდეგ - ბელგიური კომპანია სასამართლოში ჩივის და "ტოიოტა თბილისს" 4 მილიონამდე დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს

ბელგიური კომპანია „აუტორედო“, რომელიც წლებია „ტოიოტა თბილისისგან“ მილიონობით დოლარის ღირებულების ავტომობილებს საქართველოში ყიდულობს, თავს თაღლითური სქემის მსხვერპლად მიიჩნევს.

ბელგიური კომპანიის ფინანსური წარმომადგენელი, ოლივიერ როსა „რუსთავი2-ს“ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა და უამბო, რომ „ტოიოტა თბილისის“ ოფისმა ის მოატყუა და 4 მილიონამდე დოლარი მიითვისა.

რამდენიმეწლიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ბელგიურმა კომპანიამ საქართველოში იურისტების ჯგუფი დაიქირავა და კომპანია „ჯეო ექსს“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თბილისია“, სასამართლოში უჩივლა.

უცხოური კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, „ტოიოტა ცენტრმა“ ისინი შვილობილი კომპანიის მეშვეობით მოატყუა, რომელიც სასამართლო დავისას გადახდის უუნარო იყო, „ტოიოტამ“ კი, როდესაც საქმე, თანხის უკან დაბრუნებაზე მიდგა, მის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ჯეო ექსთან“ კავშირი უარყო.

ირაკლი გურჩიანი, რომელიც ბელგიური კომპანიის მოვალე „ჯეოექსის“ დირექტორთან, დავით ტაკიძესთან ერთად „ტოიოტას ცენტრის“ დამფუძნებელი და მეწილეა, ამტკიცებს, რომ თანხის დაბრუნებაზე ის და მისი პარტნიორი ბელგიურ „აუტორედოს“ იმიტომ ეკონტაქტებოდნენ, რომ „ჯეო ექსს“ საკუთარი მეილი არ ჰქონდა. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ელექტრონული ფოსტა ამ კომპანიას ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, ბელგიური კომპანიის იურისტებმა წარადგინეს დოკუმენტი, რომელშიც ტოიოტას დამფუძნებელი 4 მილიონიან ვალს აღიარებს.

თუმცა ბელგიური კომპანია „აუტორედო“ არ არის ერთადერთი უცხოური კომპანია, რომლის ვალიც ასევე „ტოიოტა ცენტრის“ მიერ დაფუძნებულ „ჯეო ექსს“ აქვს, იგივე სქემით დუბაიში დაფუძნებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ „ტოიოტა თბილისისგან“ 2 მილიონამდე დოლარის ავტომობილები 2015 წლის შემდეგ ვერ მიიღო. ვალთან დაკავშირებულ აღიარების დოკუმენტს ხელს ასევე, ირაკლი გურჩიანი აწერს.

ბელგიურ „აუტორედოსთან“ ერთად დუბაის კომპანიის საქმეებიც ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოშია. პირველ ინსტანციაში სასამართლომ თანხის გადახდა „ტოიოტას“ დაფუძნებულ და გადახდისუუნარო „ჯეო ექსს“ დააკისრა.

უცხოური კომპანიები კი მოვალედ „ტოიოტას“ აღიარებას და ზარალის სწორედ დამფუძნებელი კომპანიისგან მიღებას ითხოვენ. „ტოიოტას“ ქონება ამ დროისთვის სრულად დაყადაღებულია.

დღის ამბები