თბილისის ცენტრიდან გატაცებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბაქოს ციხიდან, ქართულ გამოძიებას ჩვენებას უგზავნის. ჩვენებაში მუხთარლი დეტალურად აღწერს გზას, რომელიც მან წელიწადნახევრის წინ, საქართველოდან აზერბაიჯანამდე იძულებით გაიარა.
კონფიდენციალური წყარო პროკურატურიდან "კურიერს" უყვება, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინდია ლორთქიფანიძე ფიგურირებს. ლორთქიფანიძეს ეს პოსტი გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის დროს ეკავა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ გავლენიან პირად ითვლებოდა.
წყარო ჰყვება, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ერთობლივ საიდუმლო ოპერაციას საქართველოში ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა და მისი მფარველის გიორგი მღებრიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, პროკურატურას მასთან კითხვები გაუჩნდეს.
მინდია ლორთქიფანიძემ პოსტი გიორგი მღებრიშვილის გადადგომიდან რამდენიმე დღეში დატოვა. ახლა ის კერძო დაცვის კომპანია „ომეგას“ მფლობელია. ლორთქიფანიძე სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მის დეპარტამენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და პოსტიდან მისი წასვლაც ამ საქმეს არ უკავშირდება.
3 გვერდიანი დოკუმენტის ადრესატი საქართველოს მთავარი პროკურატურაა. მუხთარლის სურს, ეს დოკუმენტი მისი გატაცების საქმეში მტკიცებულებად ჩაიდოს, რადგან ქართველმა გამომძიებლებმა მისი დაკითხვა აზერბაიჯანში ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მთავარი პროკურატურა მუხთარლის წერილს როგორც ჩვენებას და ჩადებს თუ არა საქმეში.