20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
მარნეულის ყოფილი მერის სკანდალური საქმე - აბაზოვის მტკიცებით, ციხეში კვირიკაშვილის დავალებით ჩასვეს

პატიმრობაში მყოფი მარნეულის ყოფილი მერი სასამართლოს გათავისუფლებას სთხოვდა და ამტკიცებდა, რომ ციხეში ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, დავალებით ჩასვეს. თემურ აბაზოვის თქმით, კვირიკაშვილმა მასზე შური, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირების გამო იძია.

თემურ აბაზოვი სასამართლო დარბაზში გიორგი კვირიკაშვილს გვარით არ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ პროკურატურას მისი დაკავების დავალებას ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი აძლევდა, იმ დროს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თხოვნა არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თემურ აბაზოვს ბრალად თანაქალაქელის დამცირება და არაადამიანური მოპყრობა ედება.

პროკურატურის მტკიცებით, აბაზოვმა შურისძიების მოტივით ელჩინ ალახვერდიევს, შარდით სახის დაბანა აიძულა, ეს პროცესი კამერით გადააღებინა და ვიდეო სოციალურ ქსელში აატვირთინა.

კონფლიქტი დაზარალებულ ალახვერდიევსა და მარნეულის მერს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ალახვერდიევი საპროტესტო აქციაზე აბაზოვის ცოლს და ბიძინა ივანიშვილს აგინებს.

მარნეულში ამბობენ, რომ პროვოკაცია ქალაქის მერს მუნიციპალიტეტის დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა ბოთლის ჩარტყმის გამო მოუწყო.

ქმრის დაკავების შემდეგ კამერების წინ პირველად გამოჩნდა თემურ აბაზოვის მეუღლე. ელინა აბაზოვა ჰყვება, რომ მისი ქმარი ოჯახის შეურაცხმყოფელი ვიდეოთი ძალიან გაღიზიანდა. ის არ გამორიცხავს, რომ აბაზოვს პროვოკაცია შურისძიების გამო მოუწყვეს და ციხეში გამოგონილი ბრალდებით გაუშვეს.

დაკავებამდე მერსა და თამაზ ნავერიანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მარნეულში ბევრს საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, დეპუტატსა და მერს შორის ჩხუბიც მოხდა. ნავერიანმა აბაზოვს თავში საფერფლე ესროლა, გაბრაზებულმა მერმა კი პარლამენტის წევრს თავში ბოთლი ჩაარტყა.

ინფორმაციას მერსა და დეპუტატს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ადასტურებს მარნეულის ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ახალმა მერმა და დეპუტატმა გავლენის სფეროები ვერ გაინაწილეს.

დღის ამბები