19 მაისი 2022,   09:44
ვრცლად
სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს 

ოპოზიცია, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის იმ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში  საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმიც იქნება, როდესაც ხალხი პრორუსული რიტორიკის მქონე კანდიდატსა და პროდასავლურ ძალებს შორის არჩევანს გააკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს გაკეთებულ განცხადებაზე პასუხი ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უნდა გასცეს. 

„ჩვენი საზოგადოება იმდენად არის წინწასული, რაც შეეხება მის დემოკრატიულ განვითარებას, რომ მონახავს ადეკვატურ სიტყვებს და ადეკვატურ ქმედებებს იმისთვის, რომ ამ ქალბატონის განცხადება და მისი განცხადებებიც შეაფასოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერ. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები, საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ არის მიმართული.

„საქართველოს პრეზიდენტად პოლიტიკოსი, რომელიც აკეთებს რუსეთის სასარგებლოდ განცხადებებს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განცხადებებს, როგორ შეიძლება საერთოდ წარმოგვედგინოს,“ - განაცხადა ქარდავამ.

საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ სახელმწიფო ომს თავის ტერიტორიაზე არ იწყებს.

გუშინ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ პოზიცია ომიდან 10 წლის შემდეგაც არ შეუცვლია.

დღის ამბები