ანა დოლიძის ინიციატივას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, შეითავსოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობაც დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმაურება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ანა დოლიძის განცხადებას არაკომპეტენტური და სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს , რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი თავმჯდომარეც არის მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არა მისი დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 1-ლი, მე-15-მე-18 პუნქტების ანალიზით ცალსახაა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი თავმჯდომარეც არის მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არა მისი დროებით მოვალეობის შემსრულებელი! და რომ თავმჯდომარის არყოფნისას/უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მდივანი!
ქალბატონი დოლიძის ლოგიკით რა გამოდის - როცა ქალბატონი ნინო ან სხვა, წინა თავმჯდომარეები იყვნენ შვებულებაში ან მივლინებაში, საბჭოს წევრი და მისი თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი?! ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, იმიტომ, რომ არათუ განხორციელებულა, თავშიც კი არ მოსვლია არავის აზრად კანონის ამგვარი განმარტება!
მე ქალბატონი მზიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ - თვითონ მასაც ესმის აღნიშნული მოწოდების აბსურდულობა!
ანა დოლიძისათვის ინსტუტუციების ფუნქციონირება პიროვნულ შეთავსებაზეა დამოკიდებული: რადგან მისთვის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციისათვის გიორგი მიქაუტაძის პიროვნებაა მიუღებელი, მოუწოდებს ქალბატონ მზია თოდუას კანონის დარღვევისაკენ! თუ ეს იცის ქალბატონმა დოლიძემ, მაშინ გამოდის, რომ მას მიზანმიმართულად სურს სასამართლო სისტემაში უთანხმოების ახალი კერის შექმნა, მოსამართლეებს შორის დაპირისპირების პროვოცირება!,"-აცხადებს გვრიტიშვილი.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ შეითავსოს. წინააღდეგ შემთხვევაში, დოლიძის აზრით შეუძლებელი იქნება საბჭოს კონსტრუქციული მუშაობა.