17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ჩაერთოს პარლამენტი, პრემიერმინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის ოფისი, პრეზიდენტი - ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

„ოპტიმიზაციის ჩატარება იმ ფონზე, როცა ახალი და ახალი კადრები ავსებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ცოტა სასაცილოც არის, მე თუ მკითხავთ,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა გააკეთა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციას ნინო ზაუტაშვილიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, გენერალური დირექტორი შეხვდეს თანამშრომლებს.

„მე მაინტერესებს, კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულად ამ ადამიანების გაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვები და ჩვენ გვინდა კომუნიკაცია გენერალურ დირექტორთან, რომელსაც ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ, ვერც ტერიტორიაზე და ვერც ვერსად, სადაც შეიძლება მასთან მიგვიწვდეს ხმა,“ - განაცხადა ზაუტაშვილმა.

ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო აპარატების წარმომადგენლების გააქტიურების აუცილებლობაზე.

„უნდა ჩაერთოს პარლამენტი, პრემიერმინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის ოფისი, პრეზიდენტი, ყველა იმიტომ, რომ 3 მილიონი ადამიანი არის მფლობელი ამ ტელეკომპანიის, ყველა მონაწილეობს მის შექმნაში, ეს არის ტრიბუნა, რომელიც ეკუთვნის ყველას. შესაბამისად, ასე ადვილად აქ პროცესები ვერ წავა,“ - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლებზე, რომლებიც დათანხმდნენ ახალ პირობებს, ზეწოლა მიმდინარეობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია ხვალაც გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, თანამშრომლების ნაწილს ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ აცნობა.

ცვლილება თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს. ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომლები სამსახურს დატოვებენ.

დღის ამბები