ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის რეკომენდაციებს განიხილავენ. მმართველი გუნდის წევრები, კი არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციასთან ერთად დოკუმენტის საერთო ტექსტზეც კი შეთანხმდნენ.
ამის მიუხედავად სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უმცირესობის წევრებს, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენენ, მოუწოდებენ გაითვალისწინონ, რომ პარლამენტის კომპეტენცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ არის.
ოთარ კახიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა გარკვეული გარემოებები და დამატებითი მტკიცებულებები, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები.
კახიძის თქმით, კომისიის მიერ გაცემული შუალედური დასკვნით, კალანდიას მიმართა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო.
კახიძეს ამ განცხადების გამო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აკრიტიკებს.
ბესელია ამბობს, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლოს, ხოლო პარლამენტს არ შეუძლია პირის მიმართ ბრალის ფორმულირების განსაზღვრის უფლებამოსილება.
„ძალიან მიკვირს რამ უნდა გადაწონოს, რომ შინაგანად იცი, რომ არ შეგიძლია ამის გაკეთება ამას მაინც აკეთებ და ამ ტრაგედიას კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებ,“- მიმართა ბესელიამ ოთარ კახიძეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოთარ კახიძეს სთხოვა, განემარტა, რა კონკრეტული და პირდაპირი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კალანდია ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირია.
„ვიცით და დავას არ იწვევს, რომ მ.კ. ურტყამდა დავით სარალიძეს. იჭერდა და ურტყამდა, მ.კ-მ აჩვენა საგანი 51-ე სკოლის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს საგანი, ვიდეოჩანაწერითაც დასტურდება ჩხუბის დროს რომ ამას იყენებდა ამას ამბობს მოწმე, რომელსაც მ.კ-მ უთხრა რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს,“-უპასუხა კახიძემ ოხანაშვილს.
კახიძის განმარტება, ოხანაშვილისთვის მიუღებელია და ის ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის წევრები, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებზე ამტკიცებენ, რომ პირდაპირი მტკიცებულებებია.