ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი ხდება.
საქართველოში შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად 2017 წელს 20 ათასამდე ადამიანი გულსისხლძარღვთა, 6 ათასზე მეტი კი ონკოლოგიური დაავადებებით დაიღუპა. ორსულობა-მშობიარობას გადაჰყვა 14 ქალი. სპეციალისტები არსებულ მონაცემებს ჯანდაცვის სფეროს სისტემურ ხარვეზებს უკავშირებენ.
ექიმთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში არსებული საბჭო განიხილავს. 160 შემთხვევიდან, საბჭომ წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ექიმს შეუჩერა საქმიანობის უფლება. სააგენტო დამრღვევ მედიკოსებს ძირითადად წერილობით გაფრთხილებას აძლევს.
წელს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში 112 საჩივარია შესული, თუმცა ეს უკმაყოფილო პაციენტების ზუსტი რაოდენობა არ არის. მათი დიდი ნაწილი საჩივარს მხოლოდ იმ მიზეზით არ წერს, რომ ეფექტური რეაგირების იმედი არ აქვს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.