ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ ბასრაში მომხდარი არეულობა მსხვერპლით დასრულდა.
მოსახლეობა ისევ ანტისამთავრობო აქციაზე შეიკრიბა და სამთავრობო შენობების დარბევა დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი ქალაქის მერიაში შეიჭრა, ნაწილი კი - ირანის საკონსულოში. აქციის მონაწილეებმა მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დაარბიეს და შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
უსაფრთხოების სამსახურის ინფრომაციით, შტურმის დროს საკონსულოში არავინ იმყოფებოდა.
სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 1 მომიტინგე დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
არეულობა ბასრაში 3 სექტემბერს დაიწყო. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხება გახდა. 5-დღიანი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10-ს მიაღწია.