19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
დეპუტატ შოთა შალელაშვილის შვილის თანამზრახველი საქართველომ აშშ-ს გადასცა

ქართული ოცნების დეპუტატის, შოთა შალელაშვილის, შვილის თანამზრახველი საქართველომ შეერთებულ შტატებს გადასცა.

რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება ამერიკელი სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

ინფორმაციას შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური ავრცელებს.

35 წლის ანდრეი ტიურინს კიბერდანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. კერძოდ კი, ის ეჭვმიტანილია ამერიკის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებთან კავშირში, რომლის შედეგადაც, 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ამერიკული სამართალდამცველი უწყებების მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი საქართველოში 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალდების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის, შვილთან, გარი შალონთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად, გარდა იმისა, რომ ფინანსური ორგანიზაციების კლიენტთა პერსონალურ მონაცემებს იპარავდა, წლების განმავლობაში არალეგალურ ონლაინკაზინოებსაც ამუშავებდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლიდან 2015 წლამდე გარი შალონთან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გარი შალონის მითითებით, ანდრეი ტურინი ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, რა დროსაც უკანონოდ დაეუფლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

დანაშაულებრივი სქემის სულისჩამდგმელი გარი შალონი ისრაელში 2015 წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი მისი შტატებში ექსტრადირება განხორციელდა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

 

დღის ამბები